ამზადებს თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოს წინააღმდეგ ახალ პროვოკაციას - რუსეთის საგარეო უწყების განცხადების შემდეგ ექსპერტები და ანლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ 2008 წლის ომის ავტორი ახალი პროვოკაციისთვის ემზადებოდეს და ამისთვის კონკრეტულ გზავნილებს აჟღერებდეს.
ექსპერტების მოსაზრებით, სრულიად შესაძლებელია, ამ ზაფხულში რუსეთი ახალი პროვოკაციებისთვის ემზადებოდეს, მით უმეტეს, რომ ვლადიმერ პუტინმა ბოლოს განაცხადა, რომ ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა წაიღეს რუსეთის კუთვნილი ტერიტორიები. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ რეგიონში დაძაბულ სიტუაციას, ასევე შავ ზღვაში რუსული სამხედრო კონტინგენტის ზრდას.
ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის მიზანი შეიძლება იყოს ჟენევის მოლაპარაკებების, ანუ ერთადერთი ისეთი ფორმატის ეროზია და განადგურება, სადაც რუსეთი საქართველოს პირისპირ არ ელაპარაკება.
რუსეთის ცინიზმი და აგრესიის გამართლება, საბჭოთა რიტორიკით, ახალი არ არის, ეს ბევრჯერ ვნახეთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. რუსეთი მუდმივად ამით იყო დაკავებული. ამას ერთი პასუხი აქვს ზოგადად, ესაა თანმიმდევრული, მწყობრი, კარგად ინსტიტუციონალიზებული საგარეო პოლიტიკა და რეიგანის ცნობილი ფრაზა რომ გავიხსენოთ,"მშვიდობა სიძლიერის საშუალებით", - ამბობს "ატლანტიკური საბჭოს" წარმომადგენელი ბათუ ქუთელია.
მისი თქმით, თუ საქართველო იქნება ძლიერი დემოკრატია, მდიდარი ქვეყანა ძლიერი ჯარითა და სადაზვერვო სამსახურებით, რუსეთი ამას ვერ გაბედავს.
ფონდ "ჭავჭავაძის" დირექტორი ნინო კალანდაძე ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი შემორჩენილი, სადაც რუსეთს ასე თუ ისე, მაინც უწევს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ანგარიშის გაწევა.
საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წესს არღვევენ და მერე ამაზე საყვედურს რომ მიიღებენ, ნახულობენ გამოსავალს, როგორ მოიდონ საბაბად და მეორე კურდღელი დაიჭირონ, ამ შემთხვევაში მეორე კურდღელია ჟენევის ფორმატი, რომელსაც ეცდებიან, რომ მაქსიმალური დისკრედიტაცია გაუკეთონ, - აცხადებს იგი.
დიპლომატთა კლუბის წევრის გიგი კუბლაშვილის თქმით ეს მოვლენა არის "ქართული ოცნების" 8 წლიანი მოღვაწეობის შედეგი.
მეორე მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის პუტინის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების კონტექსტით, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გამოირჩევა უკიდურესი ცინიზმით. ძნელია თქმა, რა შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ვფიქრობ უნდა ველოდოთ ძალიან სერიოზულ პროვოკაციებს, - აცხადებს კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქის გატაცებას საქართველოში აშშ-ს საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოეხმაურნენ და რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში თბილისი სპექტაკლის მოწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ზაზა გახელაძემ საზღვარი გადალახა და რუს ჯარისკაცებს ესროლა.