ცენტრი "ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა დღეს გაასაჯაროვა მესამე პრეზიდენტისთვის ჩატარებული ექსპერტიზის ნაწილი, რომელიც ძირითადად რეკომენდაციებს მოიცავს. ჯიშკარიანმა თქვა, რომ დასკვნაზე 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტი მუშაობდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში ყოფნა შეუძლებელია:
"ექსპერტთა კომისია ერთხმად მივიდა დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, იგი სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა და შემდგომში განისაზღვროს მკურნალობა და რეაბილიტაცია", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ჯიშკარიანმა თქვა, რომ დიაგნოზებზე, რომელთაგან 6-10 მძიემა, დეტალურად არ საუბრობენ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი; ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.
იხილეთ ასევე: