საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრში აფეთქებების ხმა ისმის. შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისევ განახლდა. მხარეები ერთმანეთს მეხუთე დღეა ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციებში ადანაშაულებენ. თოვუზის პროვინციაში სისხლისღვრას, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი ორივე მხარეს მოჰყვა. მოკლულია აზერბაიჯანის 11, სომხეთის კი ოთხი სამხედრო პირი.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუდმივად დაპირისპირებული ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს არა მთიან ყარაბაღში, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით თოვუზის პროვინციაში დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩართულია სპეციალური ჯავშანტექნიკა, საარტილერიო ქვემეხები და ნაღმმტყორცნები.
დაპირისპირებას მოყოლილი მსხვერპლის შემდეგ, ბაქოში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. ათასობით დემონსტრანტი ხელისუფლებას ომის დაწყებისკენ მოუწოდებდა. კონფლიქტი რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მიმდინარეობს. იქ, სადაც მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს ესვრიან,
ბაქო-ჯეიჰანისა და ბაქო-ერზრუმის მილსადენები გადის.
ახლა მთავარი კითხვა არის ის, შესაძლოა თუ არა კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გამწვავდეს და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მეზობლების დაპირისპირებამ საქართველოსთვის. ანალიტიკოსების აზრით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება რთულად წარმოსადგენია, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება ხანგრძლივ ომში გადაიზარდა, ექსპერტების თქმით, საქართველო პროცესებს გვერდს ვერ აუვლის.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამწვავებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყება. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო სისხლისღვრა და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა. რეგიონში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ოფიციალური ანკარაც. თურქეთმა კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარე ღიად დაიკავა.
მშვიდობის დასამყარებლად მედიატორობის ინიციატივით გამოვიდა ოფიციალური მოსკოვიც, თუმცა ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთს კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი მიზნები არ ამოძრავებს. ერთადერთი, ვის ინტერესებშიც ახლა რეგიონში დაპირისპირება შედის, კრემლი და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინია.
ორ მეზობელ ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კონფლიქტი აზერბაიჯანის დე იურე ტერიტორიის, დიდწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო აქვთ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა ხელი 1994 წელს მოაწერეს, თუმცა შეთანხმება ორივე მხარემ არაერთხელ დაარღვია.