მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სოციალური ქსელი "ფეისბუქი" 2020 წლის არჩევნებზე, პოლიტიკური პარტიებისთვის რეგულაციებს აწესებს. "ფეისბუქი" მონიტორინგს გადამწყვეტ არჩევნებზე პოლიტიკურ რეკლამას გაუწევს. პარტიებს მოუწევთ, დეტალურად მიუთითონ, რა თანხას, ვინ და რატომ იხდის რეკლამაში. ოპოზიცია ამბობს, რომ ამით "ფეისბუქის" ადმინისტრაციამ დაანონსა, რომ ე.წ. "ტროლებისა" და "ბოტების" ქმედებებს მკაცრად გააკონტროლებს და "ოცნების" ხელისუფლებას წინა არჩევნების მსგავსად ნეგატიური კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას შეუზღუდავს.
ე.წ. ბოტებისა და ტროლების რეგულაციებში მოქცევით ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებს სიძულვილის კამპანიით ვეღარ ჩაატარებს. მმართველი პარტია კი დღეს ამტკიცებდა, რომ "ტროლების ქარხნების" შექმნა მათ არ უკავშირდება და ხელი ისევ ოპონენტებისკენ გაიშვირეს. არადა, რადიკალურ გადაწყვეტილებაზე "ფეისბუქი" საქართველოსთან მიმართებით ხუთი თვის ინტერვალით ორჯერ წავიდა. 2019 წლის დეკემბერში გაუქმდა "ოცნებასთან" დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდი და ანგარიში. "ფეისბუქმა" გამოიკვლია და დაადგინა, რომ ამ აქტივობების უკან საქართველოში არსებული სარეკლამო სააგენტო „პანდა“ და „ქართული ოცნების" მთავრობა იდგა. ხუთი თვის შემდეგ იყო უფრო მასშტაბური წმენდა. 2020 წლის მაისში "ფეისბუქმა" "ოცნების" პიარ-კონსულტანტის კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი "S-პერსონა" და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა. სოციალურ ქსელმა, მაშინ, კოკა ყანდიაშვილის "ფეიბუქ" პირადი გვერდიც წაშალა.
სწორედ მმართველი პარტიის "ტროლების ქარხნის" მძიმე გამოცდილების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის ნაწილმა ოფიციალური განაცხადით Facebook-ს ორი კვირის წინ მიმართეს. მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობა და ამ მიმართულებით "ფეისბუქ" რეგულაციების დაწესება იყო. არასამთავრობოები დარწმუნებულები არიან, რომ ამით დისკრიმინაციულ კამპანიას ქვეყანაში მცირედით მაინც ხელი შეეშლება.
კონკრეტულად რა რეგულაციები დაუწესდებათ პოლიტიკურ პარტიებს "ფეისბუქზე" რეკლამის განთავსებისთვის, ეს ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. "ფეისბუქის" ადმინისტრაცია ოფიციალურ განაცხადს 2020 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ივლისის ბოლომდე გადაუგზავნის.