
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი განიხილავს მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობის პროცესში. მათ შორის, სასამართლო მეგობრის სტატუსით.
ამ მიზნით დღეს, 4 დეკემბერს სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმმა კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
"სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე და სახალხო დამცველი განიხილავს ამ პროცესში ინტერვენციას და იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის წარდგენა შევძლოთ ან გვქონდეს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროდ ჩავთვალე, რომ [მოგვენახულებინა].
თუ არ ვცდები, შემდეგ კვირაში ჩაინიშნა პროცესი, ამიტომ სავარაუდოდ, მანამდე მოგვიწევს მომზადება ამიტომ საჭირო გახდა თავად ექიმების მოსვლა, რომ მდგომარეობა თავისი თვალით ენახათ და შეეფასებინათ.
თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაზეც დღესაც ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად არის რთული, მძიმე და რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს", - თქვა ნინო ლომჯარია.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კონსილიუმის ექიმები დინამიკის გაუარესებაზე საუბრობენ.
ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების დასკვნა 2 დეკემბერს გასაჯაროვდა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.
ამ დასკვნის საფუძველზე ადვოკატები სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას დააყენებენ. სხდომა მომდევნო კვირაში ჩაინიშნება.