პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა მისი პოზიციისთვის უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე და გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და მაშინდელი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვები თბილისში.
განცხადება დუდამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა:
„მსურს, ქალბატონ პრეზიდენტს გადავუხადო უდიდესი მადლობა მისი პოზიციის გამო, რომელსაც ის ამჟღავნებს და აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი პოზიციის დაფიქსირება და ჩემი დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო.
ზურაბიშვილი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება, თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არა მარტო პოლონეთისთვის, საქართველოსთვის და ამიტომ მე ძალიან მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის, მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო. რაც მან არა ერთხელ გააკეთა.
პოლონური საზოგადოება, პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს, გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას 2008 წელს, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ ღია პოზიცია დააფიქსირა, როდესაც 2008 წელს ჩავიდა საქართველოში და მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარმეტყველური იყო. მან თქვა - დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ პოლონეთის რიგიც დადგებაო. კაჩინსკიმ განაცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავაჩერებთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავს" - თქვა დუდამ. [სინქრონული თარგმანი]