სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი დასკვნა. ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დადასტურებულია. ომბუდსმენმა შეისწავლა "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის სააპელაციო განაჩენი და დაადგინა, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი. რაც ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევაში შეიზღუდა ადამიანის უფლებები პოლიტიკური მოტივით.
სახალხო დამცველმა შეისწავლა არა მხოლოდ საქმის სამართლებრივი ნაწილი, არამედ ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო განცხადებები კრიტიკულ მედიამენეჯერთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული.