საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესები, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი თვე გაგრძელდება.
გელბახიანი ამბობს, რომ ეს პროცედურებიდან გამომდინარე ხდება.
"ექსპერტები ყველა შემთხვევაში დარჩებიან მოწმეებად, იმიტომ, რომ არსებობს საკანონმდებლო მოთხოვნა, რა მტკიცებულებაც არ უნდა წარვადგინოთ სასამართლოში, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, ისე ეს მტკიცებულება არ ითვლება დასაშვებ მტკიცებულებად.
ერთ სხდომაში და ორ სხდომაში ეს სასამართლო ვერ დაასრულებს, ვერ ამოწურავს. ერთი თვე მინიმუმ დაგვჭირდება", - თქვა ვალერი გელბახიანმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე.
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზადაა პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. ჯერჯერობით უცნობია მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლება ექიმები და პენიტენციური სამსახური, რადგან წინა სასამართლო სხდომაზე, სურვილის მიუხედავად, ის პროცესს არ დაასწრეს.