რუსეთი კიბერშეტევების გზით, დიდი ბრიტანეთის 2019 წლის არჩევნებში ჩარევასა და ბრიტანეთ-ამერიკის სავაჭროს დოკუმენტაციის მოპარვას ცდილობდა - ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
დომინიკ რააბის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების გამოძიებით დასტურდება, რომ არჩევნებზე ზეგვალენის მოხდენას რუსეთი კონსერვატიული პარტიის სასარგებლოდ ცდილობდა.
ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსული ჰაკერული დაჯგუფება ლაბორატორიებზე განხორციელებული შეტევით, კოვიდ-19 ვაქცინის აკადემიური და ფარმაცევტული კვლევის შედეგების მოპარვასაც ცდილობდა.
თუკი საუბრობ, ფაქტებიც უნდა წარმოადგინო - ასე უპასუხეს დიდი ბრიტანეთის ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ლავროვის პრესსპიკერი ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს:
ბრიტანეთის მხრიდან მტკიცებულება არაა წარმოდგენილი. მათ მიერ გაკეთებული განცხადება იმდენად გაურკვეველი და ბუნდოვანია, რომ გაგებაც კი შეუძლებელია. ერთის მხრივ მტკიცებულებები არ არსებობს, მეორეს მხრივ საუბარი შესაძლო ქმედებებს ეხება, რაც ურთიერთგამომრიცხავია. თუკი საუბრობ, ფაქტებიც უნდა წარმოადგინო - ამბობს მარია ზახაროვა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც საერთშორისო საზოგადოება კრემლს სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევისა და დოკუმენტაციის მოპარვის მცდელობაში ადანაშაულებს. ანალოგიური ბრალდებები მოსკოვის წინააღმდეგ შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის მხრიდანაც არაერთხელ გაისმა.