"გაშვებაზე მე მგონი ლაპარაკიც არ არის" - ამ დრომდე უცნობია, მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლებას

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე უცნობია მიეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა დაესწროს დღევანდელ სასამართლო პროცესს. პასუხს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამ დრომდე ელოდებიან. ზუსტად ერთ საათში კი საქალაქო სასამართლო მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვას იწყებს. 21 ტომად შეკრული სამედიცინო დასკვნების და მრავალრიცხოვანი მოწმეების დაკითხვის შემდეგ, მოსამართლემ  უნდა გადაწყვიტოს, გადაუვადებს ის სასჯელს მიხეილ სააკაშვილს და მისცემს მას საზღვარგარეთ სრულფასოვანი მკურნალობის შანსს, თუ გაწირავს მას ნელი სიკვდილისთვის. 

ცოტა ხნის წინ, "ვივა მედი" დატოვა გიული ალასანიამ, რომელიც ვარაუდობს, რომ მის შვილს დღეს სასამართლოზე დასწრების უფლებას არ მისცემენ. მისივე თქმით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილმა ჩვენება სასამართლოს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მისცემს.

"გაშვებაზე მე მგონი ლაპარაკიც არ არის, მე მგონი შესაძლებელი იქნება დისტანციურად ჩაერთოს" - ამბობს გიული ალასანია.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით კი თავად მიხეილ სააკშვილმა ვივა მედს გუშინ მიმართა შესაბამისი წერილით, რომ სურდა სასამართლოზე დასწრება. მისივე თქმით, თუ მესამე პრეზიდენტს არ ექნება საშუალება სასამართლოზე მივიდეს, მოითხოვენ, სასამართლო თავად მივიდეს ვივა მედში და მოსამართლემ თავის თვალით ნახოს, როგორ გამოიყურება მესამე პრეზიდენტი. გარდა ამისა, შალვა ხაჭაპურიძე მოითხოვს,  პროცესის კლინიკაში გამართვის შემთხვევაში, იქ დაუშვან ტელეკამერები. 

სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან მისი თანაგუნდელები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები. 

პროცესი 13 საათზეა ჩანიშნული.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი