პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს დაკისრებულ მოვალოებებს ახსენებს და დაცვას სთხოვს. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ომბუდსმენი ვალდებულია რეაგირება მოახდინოს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. საუბრია პრეზიდენტის კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებაზე, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით გააკეთა და რომელსაც საზოგადოების მხრიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.
თუმცა, თავად სალომე ზურაბიშვილი ყველაფერში ისევ მედიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის ნათქვამი ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს.
დღეს, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ცდილობდა აეხსნა, რა არის სახალხო დამცველის მანდატი. ხელისუფლების ოპონენტებისთვის პრეზიდენტის ეს განცხადება გაუგებარია.
ძალიან სამწუხაროა, რომ ე.წ. საქართველოს პრეზიდენტი ყველა, ყველა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც საზოგადოებას სჭირდება ძალიან სწორი და ადეკვატური გზავნილები, აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას და სახალხო დამცველი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ფიქრობს, - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე.
"ევროპულ საქართველოში" კი ამბობენ, რომ სახალხო დამცველი არსებობს იმისთვის, რომ ხალხი დაიცვას სახელმწიფოსგან და არა პირიქით.
ძალიან ხშირად გვსმენია, ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავო, ეუბნებიან სახალხო დამცველს და ახლა პრეზიდენტი ეუბნება მე დამიცავიო. მეგობრებო, დემოკრატია ასე არის მოწყობილი. გასაკვირია, რომ ქალბატონმა სალომემ ეს არ იცის, რომ სწორედ მათგან დასაცავად შეიქმნა ეს სახელმწიფო ინსტიტუტი, - ამბობს "ევროპიული საქართველოს " წევრი, ელენე ხოშტარია.
პრეზიდენტის პოზიცია გაუგებარია პარლამეტნის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძისთვისაც. ამბობს, რომ უხერხულია, როცა პრეზიდენტს ყველა გამონათქვამის შემდეგ, განმარტებების კეთება უწევს.
"ქართულ ოცნებაში" კი პრეზიდენტს ბულინგის მსხვერპლად მიიჩნევენ. სოფო კილაძე ამბობს, რომ საზოგადოებაში პოლარიზების ხარისხი მაღალია და მოქალაქეების ნაწილი ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართულად და ორგანიზებულად უტევს.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ განცხადებით და ყველა მისი ქმედებით 60-იანი წლების რომანტიზმშია ჩარჩენილი.
ეს არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ დანაშაული ჩვეულებრივი ამბავია და ერთი-ერთზე ძალადობა ჩვეულებრივი ამბავია და პირდაპირ წახალისებას აკეთებს და ეს არის ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს გამოხატავს, მაგრამ აქ გასაკვირი არაფერია, - ამბობს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სახალხო დამცველს მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ომბუდსმენი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე "არასოდეს რეაგირებს".