აშშ-ის საგარეო უწყების თქმით, დეპარტამენტი "ძალიან ახლოდან აკვირდება [საქართველოს] ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას", - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" კომენტარი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა.
"ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას," - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში, რომელიც უწყებამ "ამერიკის ხმას" გადასცა
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 9 დეკემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა, სასამართლომ სხდომა 14 დეკემბრამდე გადადო.