საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ გამოსცა განკარგულება, რომ ხვალინდელ პროცესში დისტანციურად მონაწილეობა მიიღოს. ახლა ადვოკატები ითხოვენ სხდომათა დარბაზში დიდი მონიტორი განთავსდეს, რათა საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილი იხილოს.
ცნობილია, რომ ხვალ სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა და ამერიკელმა ფსიქიატრმა. გამორიცხული არაა გამოიკითხოს კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტი.
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი პირად საუბარში ადასტურებს, რომ კლინიკას არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ჩაერთოს.
შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ ხვალ პროცესზე დასახელდება მედიკამენტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი თვეების განმავლობაში იღებდა და რომელიც, მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აკრძალული.
"სასამართლო ამზადებს შესაბამის ტექნიკურ მოწყობილობას, რომ მონიტორზე იქნეს გამოტანილი მისი ვიზუალური ნაწილი, დიდი მონიტორი რომ სხვებმა დაინახონ. პენიტენციურს ვესაუბრე და წესით მოგვარებულია ყველაფერი, მაგრამ მაინც ერთ-ორ საათში შევხმიანდები კიდევ ერთხელ, რომ გავაკონტროლოთ რაიმე ექსცესებს არ ჰქონდეს ადგილი. [...]
აკრძალულ მედიკამენტებზე ჩვენ ჯერ კიდევ ორი თვის წინ შემოვიტანეთ განცხადება, კინაღამ გვცემეს მერე აქ ექიმებმა და გავჩერდით, თუმცა მუშაობა არ გაგვიჩერებია. აკრძალული 7 მედიკამენტით მიდიოდა მისი მკურნალობა. ეს არის აკრძალული FDA-ისა და ჯანმოს მიერ, ეს წამლები, იწარმოება რუსეთში და დასაშვებია მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში და მის გავლენის ქვეშ მყოფ სახელმწიფოებში", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
ხვალ სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.