ევროპარლამენტარმა ჯოაკიმ ბრუძინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე სვენ მიქსერის ანგარიშის განხილვისას აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტისთვის სათანადო მკურნალობის უფლების შეზღუდვა და მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა და ეს ქვეყნის ევროინტეგრაციასაც საფრთხეს უქმნის.
"მინდა, მხარი დავუჭირო სააკაშვილის ოჯახს. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს ინტეგრაცია ვერ მოხდება, თუ ასე მოექცევიან ყოფილ პრეზიდენტს და სხვა პოლიტიკოსებს. სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ერთმევა - ეს უფრო პუტინის სტანდარტებია",- ამბობს ჯოაკიმ ბრუძინსკი.
შეგახსენებთ, რომ დებატებს ევროპარლამენტში ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის ოჯახიც, რომელიც რამდენიმე დღეა სტრასბურგში შეხვედრებს მართავს.