საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრების გასაჯაროება სისხლის სამართლის დანაშაულია. მისი თქმით, უწყებას პატიმრის ნებართვა არ ჰქონდა ამ მასალის, ანუ პერსონალური მონაცემების გავრცელებაზე.
ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიების დასაწყებად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ.
"ხელისუფლება გადაწყვიტა ყველა აკრძალული მეთოდი გამოიყენოს იმისთვის, რომ სააკაშვილს წაერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება. მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაიწყოს გამოძიება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების მიმართ, ვინც ეს კადრები გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ, ვინც დღეს მოიტყუა და არ მოახდინა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოყვანის ორგანიზება", - თქვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.