"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში "არა პანორამას" აქციის 7 მონაწილის სახელით საქმე მოიგეს. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) მუხლის დარღვევა და მომჩივნებს სამართლიანი დაკმაყოფილება მიანიჭა.
აქცია 2015 წლის 19 ივლისს, თბილისის საკრებულოს წინ პანორამა თბილისის პროექტის გასაპროტესტებლად გაიმართა. აქციის რამდენიმე მონაწილეს ჰქონდა ბანერი წარწერით "პანორამა არა ყ**" რის გამოც სამართალდამცავებმა აქციის 7 მონაწილე დააკავეს.
"დაკავებულებიდან მამრობითი სქესის წარმომადგენლები მოათავსეს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მათ დაახლოებით 20 საათი გაატარეს. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს კი შსს-ს ეზოში პოლიციის მანქანაში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში შეეზღუდათ თავისუფლება. მომჩივნებს დაკავების საფუძველი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ განემარტათ.
სამართალდარღვევათა ოქმების თანახმად, დაკავებულებს ხელში ეჭირათ პლაკატები უხამსი წარწერით, რომელსაც ისინი ხმამაღლა სკანდირებდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს. ასევე, ოქმების მიხედვით, ორი დაკავებული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას", - წერს საია.
ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, 7 მომჩივანი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის - პლაკატის ხელში ჭერის გამო, რომელზეც „უხამსი“ სიტყვა ეწერა. ყველა მათგანი 100 ლარით დაჯარიმდა.
"ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოთ მოცემული ფაქტები ნამდვილად წარმოადგენდა კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას. ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გამოიკვლეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პასუხი არ გასცეს კითხვას, თუ მომჩივნების მიერ პლაკატების ხელში ჭერა რა ხარისხით წარმოადგენდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და არ შეაფასეს, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების პროპორციულობა, მაშინ, როდესაც სასამართლოს წინაშე წარდგენილი ვიდეო ცხადად მიუთითებდა, რომ მომჩივნების ქმედებები იყო მშვიდობიანი და პასიური. მათ ხელში მხოლოდ ბანერები ეჭირათ, და არ ახორციელებდნენ რაიმე სახის აგრესიულ მოქმედებას.
ამასთან, ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ გამოყენებული სიტყვები მიმართული არ ყოფილა რომელიმე ინსტიტუციის ან პერსონისკენ, შესაბამისად, ის არ შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხმყოფელად. სასამართლოს შეფასებით, უწმაწური სიტყვა გამოყენებული იყო მომჩივნების მიერ, როგორც სტილისტური იარაღი, გამოეხატათ მათი მაღალი ხარისხის წინააღმდეგობა პანორამას პროექტის მიმართ, და, თუნდაც კონტრავერსიული ფორმა, რომელიც მომჩივნებმა აირჩიეს იმისთვის, რათა გამოეხატათ თავიანთი აზრი საჯარო ინტერესის საკითხზე არ არის საკმარისი იმისთვის, რათა შეიზღუდოს შეკრების თავისუფლება. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მსგავსი გამოხატვის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ ჯარიმის დაკისრებას აქვს მსუსხავი ეფექტი", - განმარტავს ორგანიზაცია.
საია აღნიშნავს, რომ უკვე წლებია, სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ (1984) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ავიწროებს ადგილს შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლებით მოსარგებლე პირებს.