"ქართველებმა უნდა გადაწყვიტოთ, როგორი სახელმწიფო გინდათ გქონდეთ! თქვენ შეიძლება არამხოლოდ ევროპული მომავალი, არამედ სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობაც კი დაკარგოთ!'' - ეს სიტყვები 1990-1992 წლებში ლიეტუვას სეიმის თავმჯდომარეს ვიატაუსატ ლანდსბერგისის ეკუთვნის, რომელმაც "მთავარ არხს" ინტერვიუ მისცა.
ყოფილი დისიდენტი, სახელმწიფო მოღვაწე, რომლის სახელსაც უკავშირდება ლიეტუვის დამოუკიდებლობა, ყვება, როგორ ხედავს საქართველოს.
"აქ ევროპის თაობაზე არ დგას საკითხი. საკითხი დგას იმის თაობაზე, თუ რა იქნება საქართველო. იქნება ეს საქართველო თუ იქნება რუსეთის ერთი პროვინცია ან კოლონია. ევროპის საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ მოდის. პირველი საკითხი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ საკითხებს. მთავარი უნდა იყოს ქვეყნის მომავალი და არა ის, თუ ვინ არის დამნაშავე, ვინ უნდა დაისაჯოს და ასე შემდეგ. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ დიდი საფრთხეებია ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით თქვენი ქვეყნისთვის, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ხდება ოკუპირებული. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ რას გადაწყვეტენ საქართველოზე თავად ქართველები. სად არის საქართველო?კავკასიონის მთებში. მთის ჰაერი კი სუფთაა, ეს არის თავისუფლების ჰაერი, დამოუკიდებლად აზროვნების ჰაერი და მომავალზე ფიქრის ჰაერი. წარსულს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნის მომავალია. ის, თუ როგორ ხედავთ თქვენს მომავალს. პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა: „გვყავს თუ არა მთავრობა, რომელიც გამოხატავს ხალხის ნებას? რა უნდა ქართველ ხალხს? უნდათ თუ არა მათ, რომ იყვნენ დამოუკიდებელი დემოკრატია?“ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართოთ ევროპულ სტრუქტურებს. მანამდე საკუთარი ქვეყნის ბედი თავად უნდა გადაწყვიტოთ", - ამბობს ის.