სამოქალაქო აქტივისტები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი სალომე ზურაბიშვილისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვენ.
აქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის ინიციატივით იმართება.
მუმლაძეს თქმით, იმ შემთხვევაში თუ 22 დეკემბერს სასამართლო არ დააკმაყოფილებს ადვოკატების შუამდგომლობას, ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
"ეს არის სიმბოლური აქცია, რათა სალომე ზურაბიშვილს ვუთხრათ, რომ მიხეილს სააკაშვილის ასეთი მდგომარეობა მისი პირდაპირ პასუხისმგებლობაა და მან უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში. ჩვენ მას ვაფრთხილებთ, რომ თუ 22 დეკემბერს სასამართლო არ მიიღებს კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას და თუ რეალურად ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილს გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს, სწორედ ეს ადგილი გახდება პერმანენტული აქციების ეპიცენტრი", - თქვა გიორგი მუმლაძემ.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება.
შუამდგომლობა დაცვის მხარემ სამედიცინო დასკვნების საფუძველზე დააყენა - საქმეს დართული აქვს ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, ასვე, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ცენტრ ემპათიის დასკვნები.
სახალხო დამცველის ინიციატივით, შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი 4 დეკემბერს მოინახულა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა მათ 6 დეკემბერს გამოაქვეყნეს. ექიმები მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჯობს დროულად გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი.
ნინო ლომჯარიას თქმით, ამ დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას. მან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
მანამდე გასაჯაროვდა ამერიკელ ექსპერტთა დასკვნა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.