კრემლის მხრიდან ისტორიის გადაწერის 14-წლიანი მცდელობა სრული კრახით დასრულდა. სიმართლე 2008 წლის ომის შესახებ ერთია და ის ჰააგის ისტორიულმა გადაწყვეტილებაც გაიმეორა. ეს სიმართლე იმდენად აშკარაა, იმდენად ხელის გულზე დევს, და ისე ცხადად გვახსოვს ყველას მაშინ განვითარებული მოვლენები, რომ თითქოს ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. და არც არსებობს, თუ არ ჩავთვლით კრემლსა და მისი გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებს.
ამ სიმართლეს დედამიწაზე ვერავინ და ვეღარაფერი შეცვლის - 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სრულმაშტაბიანი სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. შედეგად, რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკანონოდ დაიკავა საქართველოს ტერიტორიის 20%, და ათობით ათასი ჩვენს მოქალაქეს იძულებით მოუწია საკუთარი საცოხვრებელი სახლის დატოვება. საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჯარისკაცები, ოფიცრები, სარდლობა, აკეთებდა იმას, რასაც კონსტიტუცია და სინდისი მოითხოვდა მათგან და მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან - იცავდნენ თავიანთ სამშობლოს. და თან ამას აკეთებდნენ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ყველა ნორმის დაცვით.
მსოფლიოში სულ ორად ორი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა, რომელიც წლების განმავლობაში დაუღალავად ამტკიცებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ეს იყო პუტინის რეჟიმი მოსკოვში, და "ქართული ოცნების" ხელისუფლება თბილისში. წლების განმავლობაში პირადად ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, კახი კალაძე, ირაკლი კობახიძე და კიდევ უამრავი სხვა მათი ლეგიონიდან, შელოცვასავით იმეორებდა, რომ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო, რომ თითქოს სააკაშვილმა დაბომბა მძინარე ცხინვალი და ვითომ მაშინდელი ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას.
თავისთავად ომის წლისთავსაც "ოცნება" 8 აგვისტოს აღნიშნავს, იმავე დღეს მიჩნევს ომის დაწყების თარიღად რუსეთის ფედერაციაც. მაგრამ 7 აგვისტოს რუსული რეგულარული არმია უკვე საქართველოში იყო. და ამას მაშინდელი სეპარატისტების საჯარო განცხადებებიც ადასტურებს, რომელიც სხვათა შორის ჰააგის მასალებზეც დართულია.
კრემლის ის რიტორიკა, რასაც ქართული ოცნება აგვისტოს ომთან დაკავშირებით 10 წელი იმეორებდა, დოკუმენტურად, და დადასტურებულად ტყუილია. ამ ტყუილის ტირაჟირება მიზნად ისახავდა იმ ხელისუფლების დისკრედიტაციას, რომელმაც საკუთარი ხალხი, ტერიტორია და სახელწმიფოებრიობა დაიცვა, და ამ ტყუილის ტირაჟირება მთელი 10 წლის განმავლობაში რუსეთის წისქვილზე ასხავდა წყალს. სამართალმა, მართალია გვიან, მაგრამ პური მაინც ჭამა. მას შემდეგ რაც ჰააგამ საქმეზე საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა, ალაპარაკდნენ ის მოწმეებიც, რომლებსაც უცხოელი პროკურორები კითხავდნენ.
ჩვენს რეპორტაჟშიც მოუსმენთ ოქროს მოწმეს, რომელსაც სამი დღის განმავლობაში კითხავდნენ. ეს არის ადამიანი, რომელმაც სატელიტური ფოტოარქივებით დაადასტურა ეთნიკური ქართველების წმენდა შიდა ქართლის რეგიონში, რომელმაც აღწერა საკუთარი სახლებიდან გამოყრილი 16 000 ოჯახის მონაცემები და თავი მოუყარა გაუპატიურების მსხვერპლთა საქმეებს. ამ ფაქტების საპირისპიროდ კი საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მთელი ამ დროის განმავლობაში თავისივე ქვეყანას ებრძოდა და თავისივე მოქალაქეებს ადანაშაულებდა.