სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი კლინიკა ვივა მედში ჯერ არ მისულა. მას მიხეილ სააკაშვილისთვის სისხლის ნიმუში უნდა აეღო. გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ზარებს არ უპასუხა, შესაბამისად უცნობია, რატომ არ მივიდა ის კლინიკაში.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, როგორც ვივა მედიდან გამოსული მისი ადვოკატი, ირაკლი ლომია ამბობს, მესამე პრეზიდენტი სისხლის ნიმუშის აღებას არ დათანხმდება, რადგან, საერთაშორისო გაიდლაინებით, მძიმე მეტალების აღმოჩენა სისხლში შეუძლებელია. მესამე პრეზიდენტის დაცვის მხარე თმისა და ფრჩხილის ნიმუშების არებას ითხოვს:
"მისი პოზიცია არის უარყოფითი. ამ კვლევებს ასეთი მეთოდით არ ატარებენ, ეს კვლევა უნდა ჩატარდეს ფრჩიხილის და თმის ნიმუშებით. თუ ჩაატარებენ ამ კვლევებს საერთაშორისო გაიდლაინების სტანდარტებით, ამ შემთხვევაში დათანხმდება და არა საქართველოში" ამბობს ირაკლი ლომია
მიხეილ სააკაშვილს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა სისხლის ნიმუშები ორჯერ აუღეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დამატებით კიდევ იყო საჭირო ეს პროცედურა.