ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ძებნა გამოაცხადა, 2008 წლის ომზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გამოეხმაურა.
მისი აზრით, ჰააგის სასამართლო რუსეთზე ზეწოლის მექანიზმია.
"ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ამ ფორმით ახლა დასრულდა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება, როგორც რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად. საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი, საქართველო კი აგრესორი, ახლა ICC-ს სურს დამნაშავეებად ჩვენ გამოგვიყვანოს, ხოლო რუსეთი - აგრესორად, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს", - თქვა სანაკოევმა.
ცნობისთვის, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანაკოევი ბრალდებულია ომის დანაშაულებში, კერძოდ, მძევლების აყვანასა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანაში.
შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ აგვისტოს ომში, ქართულ მხარეს ბრალი არ მიუძღვის და დამნაშავეებად გამოცხადდნენ რუსული და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.