იურისტი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომზე საქართველოს წარმომადგენელი, "მთავარ არხთან" საუბრობს, აქვს თუ არა საქართველოს ახლა შესაძლებლობა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ხელახლა შეაბრუნოს 2008 წლის სარჩელი რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
ლევან მესხორაძის განმარტებით, ახლა ქართულმა მხარემ რუსეთთან მოლაპარაკებების ნაწილზე უნდა იმუშაოს, რაზეც სასამართლომ 2011 წელს თავის დასკვნაში მიუთითა.
მესხორაძის თქმით, ეს მხოლოდ ფორმალობა იქნება, ვინაიდან რუსეთთან მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ინტერესებისთვის.
"რაზეც ქართულმა მხარემ უნდა იმუშაოს, ეს არის მაქსიმალურად იმ ხარვეზის გამოსწორება, რაზეც თავის 2011 წლის გადაწყვეტილებაში მიუთითა - ეს არის სწორედ, მოლაპარაკებების გამართვა რუსეთთან რასობრივი დისკრიმინაციის კონვენციის საფუძველზე. მნიშვნელობა არ აქვს ამას, ნუ ვიდავებთ ეს ფორმალური იქნება, არ იქნება ფორმალური, რა თქმა უნდა იქნება ფორმალური, რადგან ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ მოლაპარაკებების შედეგი იქნება ნული, მაგრამ ეს კონვენციის მიზნებისთვის და ჩვენი ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, და თუ აქვს, ეს არის ტრაგიკული და ანტისახელმწიფოებრივი, პოლიტიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ საკითხებს, შეხედულებებს და ა.შ. თუ ეს რომელიმე ნიუანსი დგას რომელიმე გადაწყვეტილების უკან, შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება", - თქვა ლევან მესხორაძემ.
ცნობისთვის, 2008 წელს ICJ-ში შეტანილი სარჩელი შეეხებოდა რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) საერთაშორისო კონვენციით დადგენილი ნორმების დარღვევას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდის ჩათვლით განხორციელებული ინტერვენციების დროს.
2011 წლის აპრილში სასამართლომ უარი თქვა საქმის არსებით განხილვაზე, მიზეზად კი დაასახელა, რომ ქართულ მხარეს არ ამოუწურავს CERD-ის კონვენციით გათვალისწინებული მოლაპარაკებების მექანიზმი და სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი.
მოლაპარაკება ვერ შედგა, საქართველოს ხელისუფლებამ კი საერთოდ დაივიწყა ეს საქმე.