ის უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ, მისი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული - დევიდ გოლდსმიტი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ექსპერტის, დევიდ გოლდსმიტის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შესაბამის მკურნალობისთვის საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

გოლდსმიტი საქართველოში იმყოფება, ის ხვალ, 22 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოში დაიკითხება. 

გოლდსმიტს არ დაუკონკრეტებია, რას იტყვის ხვალ პროცესზე, თუმცა თქვა, რომ ისაუბრებს იმ ვითარებაზე, რაც პირადი დაკვირვებითა და სამედიცინო დასკვნების შესწავლით აღმოაჩინა.

"მე ვიცი სამედიცინო დასკვნებით, რომ საქმე გვაქვს მოწამვლასთან. აღმოჩენილი იქნა მძიმე მეტალები მისი ფრჩხილისა და თმის ნიმუშებში. მას სჭირდება დამატებითი კვლევები და საჭიროა, რომ გაუშვან ციხის სისტემიდან და მოათავსონ ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნება ექსპერტიზა და სპეციალობა ტოქსიკური აგენტების აღმოჩენისა და მართვის, ასევე გამოიკვლევენ, რა პოტენციური ტოქსიკური ელემენტები შეიძლება იყოს ორგანიზმში. ის უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, შესაბამისი მკურნალობისთვის, მისი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული", - თქვა  დევიდ გოლტდსმიტმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება. 

სასჯელის გადავადებაზე ან მიხეილ სააკაშვილის სრულად გათავისუფლებაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ სამედიცინო დასკვნების საფუძველზე დააყენა - საქმეს დართული აქვს ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, ასვე, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ცენტრ ემპათიის დასკვნები. 

სახალხო დამცველის ინიციატივით, შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი 4 დეკემბერს მოინახულა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა მათ 6 დეკემბერს გამოაქვეყნეს. ექიმები მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჯობს დროულად გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი. 

ნინო ლომჯარიას თქმით, ამ დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას. მან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

მანამდე გასაჯაროვდა ამერიკელ ექსპერტთა დასკვნა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი