გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაო, 5 ათასი ლარის ოდენობით, შეუფარდა. მას ასევე აეკრძალა კირთაძესთან მიახლოება. ბრალდებული იოსებ სირაბიძე გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება:
პროცესზე მან საკუთარ ქმედებას შეცდომა უწოდა და თქვა, რომ აღარ გაიმეორებს:
ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, რომელიც აღარ განმეორდება- განაცხადა სირაბიძემ.
პროკურატურა იოსებ სირაბიძის პატიმრობაში დატოვებას გამოძიებაზე ხელის შეშლისა და დანაშაულის განმეორების მოტივით ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, შესაძლოა სირაბიძეს აღნიშნული ქმედება გაემეორებინა, ან მოწმეებზე მოეხდინა ზემოქმედება.
დაცვის მხარემ სასამართლოზე შუამდგომლობად საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან ყოლბაიას განმარტებით სირაბიძე არ არის ნასამართლევი, ის აღიარებს ბრალს და ნანობს თავის საქციელს, ამიტომ დაცვის მხარეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს ბათუმში, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს. სირაბიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მეორე დღეს დააკავა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე