ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს, შალვა ხაჭაპურიძის მიერ მის წინააღმდეგ გავრცელებული განცხადება ხაჭაპურიძის სტრატეგიის ნაწილია.
გეჯაძე აღნიშნავს, რომ ლექსო ლაშქარავას საქმის ექსპერტიზის მიმდინარეობისას მისთვის არცერთი ძალოვანი უწყების წარმომადგენელს არ მიუთითებია, როგორ ჩაატაროს ექსპერტიზა.
მისივე თქმით, ის შეკითხვებზე პასუხს იმ შემთხვევაში გასცემს, თუ შალვა ხაჭაპურიძე მის მიერ ნახსენებ ჩანაწერებს გამოაქვეყნებს.
„შეეხება ამ ჩანაწერში ვინ ლაპარაკობს, როდის ლაპარაკობს, რომელ ეტაპზე ლაპარაკობს და რასთან დაკავშირებით ლაპარაკობს, ამაზე მე ბუნებრივია განმარტებებს მოგცემთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბატონი შალვა ამ ჩანაწერებს გამოაქვეყნებს... არანაირი ზარი, არანაირი მითითება, არანაირი პირდაპირი ან ირიბი, რაღაცა გაკვრით, ექსპერტიზასთან მიმართებაში, არ ყოფილა“, - განაცხადა გეჯაძემ.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ხაჭაპურიძემ მოგვიანებით ბოდიშიც მოუხადოს.
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებაში სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს ხედავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი - ბექა თალაკვაძე. მისი აზრით, სასამართლოზე გაკეთებული განცხადებებით პროკურატურაც უნდა დაინტერესდეს.
„ვფიქრობ, თავისი შინაარსით ეს განცხადება შეიცავდა სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, სავარაუდო ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებასთან დაკავშირებით, ამიტომ ვფიქრობ, რომ გენერალური პროკურატურა უნდა დაინტერესდეს მათ შორის სასამართლო დარბაზში განცხადებულ საკითხებთან დაკავშირებით და უნდა დაიწყოს ამ ფაქტთან დაკავშირებით ცალკე გამოძიება“, - თქვა ბექა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ შალვა ხაჭაპურიძემ ალექსანდრე გეჯაძეს, ლექსო ლაშქარავას საქმის ექსპერტიზის გაყალბებაში ბრალი დღეს, 22 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლოზე დასდო. ხაჭაპურიძე ამტკიცებს, რომ ამის შესახებ მასთან თავად გეჯაძემ ისაუბრა.