
"ნაციონალური მოძრაობა" ხვალიდან კახეთში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერას იწყებს - ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბოტკოველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უმოქმედოა და ადგილობრივებისთვის დახმარების გაწევას არ აპირებს. მანამდე კი განცხადება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაკეთდა. სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ქარიშხალმა განსაკუთრებით სოფელი კონდოლი დააზარალა.
განსაკუთრებით სოფელი კონდოლია დაზიანებული, ამასთან დაკავშირებით ყველა ზომა უკვე მიღებულია, აღრიცხულია ყველა დაზიანება მთავრობამ მიიღო განკარგულება, გამოყოფილია დაფინანსება და უკვე დღეიდან დაიწყება აქტიური სამუშაოები, - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მათი ინფორმაციით, კომისიამ დაახლოებით, 200 სახლზე მეტი აღრიცხა.
ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ შემთხვევაში კახეთში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას უკვე აღარ აინტერესებს. როგორც ჩანს, მათ კარგად აქვთ გათავისებული ის, რომ დაასრულეს თავიანთი მმართველობა - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მომხდარის სტიქიის შედეგად განადგურებულია ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, წაქცეულია ხეები, ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი .