შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი - "ხალხის ძალა" კანონპროექტს დააინიცირებს

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ იანვარში პარლამენტში დააინიცირებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი". დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა "შესაბამისი" არასამთავრობო ორგანიზაციისა და სხვა სუბიექტებისთვის. 

მისივე თქმით, "უცხოური გავლენის აგენტები" ვალდებულები იქნებიან ფინანსური სუბიექტები და ხარჯები დეკლარაციაში ასახონ. ცნობისთვის, "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონი, რუსეთში 2012 წლიდან მოქმედებს.

"სამუშაო პროცესი უკვე სრულდება და საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" იანვარში დააინიციირებს კანონპროექტს, რომელიც არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. კანონპროექტში ასევე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი ენჯეოსთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე, ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად. შემოღებული იქნება უცხოური გავლენის აგენტის მცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური სუბიექტებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ", - თქვა მაჭარაშვილმა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო უშუალოდ უნდა იყოს ჩართული მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც "უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს". 

ცნობისთვის, "ხალხის ძალა" მმართველი პარტიიდან გასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. ისინი დეზინფორმაციულ, ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის ავრცელებენ რიტორიკას "ომში ჩართვაზე" და "მეორე ფრონტზე", თავს ესხმიან ელჩს, კელი დეგნანს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი