თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომაზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ პროცესები დასვენების დღეებშიც ჩაინიშნოს.
დღეს "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი უნდა გამოკითხულიყო, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მის ნაცვლად ამერიკელი ექსპერტი, ნევროლოგი ექიმი ლაჰანი გამოიკითხება.
"ერთ-ერთი ექსპერტის გამოკითხვას ვფიქრობთ, ამერიკელი ექსპერტის, ბატონი ლაჰანის. [...] რაც შეეხება შუამდგომლობას, დავაყენებთ, რომ დასვენების დღეებში, ამ სადღესასწაულო დღეებშიც იქნებ მოსამართლემ ჩანიშნოს სასამართლო პროცესები. ჯერჯერობით რაც ინფორმაცია მაქვს არ ჩაერთვება, ვერ ჩაერთვება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ოჯახის წევრისგან მაქვს ინფორმაცია და მე ვნახავ რამდენიმე წუთში", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
დღეს პროცესი 15:00 საათზე დაიწყება. სხდომის პარალელურად სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.