რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას და ე.წ სახელმწიფოს მეთაურს, ასლან ბჟანიას ახალი წელი და შობა მიულოცა.
"პატივცემულო ასლან გეორგიევიჩ! მთელი სულით და გულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება საკავშირო და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ საქმიანობას ორმხრივი და რეგიონული დღის წესრიგის მიხედვით - ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას, აფხაზეთის მოსახლეობას კი წარმატებას და წინსვლას", - წერს პუტინი.
ბჟანიამ ოკუპანტი ქვეყნის მეთაურს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გასულ წელს აფხაზეთმა და რუსეთმა ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებაზე მუშაობა მოახერხეს.
გარდა ამისა, ბჟანიას თქმით, "აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მისწრაფებას დაამყაროს სამართლიანი მსოფლიო წესრიგი, რომელიც სუვერენიტეტის და საერთაშორისოს სამართლის ნორმების პატივისცემას ეფუძნება".