
მექსიკის პოლიციამ "სინალოას" კარტელის ლიდერისა და ცნობილი ნარკობარონის, ელ ჩაპოს შვილი, ოვიდიო გუზმანი დააკავა.
როგორც CNN იუწყება, გუზმანი სინალოას შტატში, ქალაქ კულიჰანში აიყვანეს. სამართალდამცველები მას ექვსი თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. დაკავების ოპერაციის მიმდინარეობისას ქალაქში დახურეს სკოლები და ბაღები. დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა აეროპორტმაც. ქვეყნის მაღალჩინოსნები მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას სთხოვდნენ.
"ელ ჩაპოს" შვილის დაკავებას არეულობა მოჰყვა მთელ შტატში. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს არაერთი შეიარაღებული დაპირისპირება "სინალოას" კარტელის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის. კრიმინალურმა დაჯგუფებებმა გადაკეტეს ქუჩები, ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებსა და ქალაქის აეროპორტის დაკავება სცადეს.
BBC-ის ინფორმაციით, შეტაკებებს 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა. დაშავდა მინიმუმ 18 ადამიანი
ოვიდიო გუზმანს, მეტსახელად "თაგვს", ბრალი ედება მამის მიერ შექმნილი ნარკოკარტელის ხელმძღვანელობაში. მექსიკის თავდაცვის მინისტრის, ლუის კრესენსიოს თქმით, ეს არის ყველაზე დიდი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება მსოფლიოში.
თავად "ელ ჩაპო" 2019 წელს დააკავეს და იგი ამ დრომდე ამერიკის ციხეში იმყოფება. ცნობილ ნარკობარონს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.