თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას უპრეცედენტო მშვიდობა მოუტანა. მისი თქმით, ესაა მთავარი განსხვავება მათსა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის. ასე უპასუხა ღარიბაშვილმა კითხვას, ააგებდნენ თუ არა საარჩევნო კამპანიას წინა ხელისუფლების კრიტიკაზე.
ამ რვა წლის განმავლობაში პარტია "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყანას მოუტანა უპრეცედენტო თავისუფლება, ღირსება, სტაბილურობა და მშვიდობა. ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელზეც უნდა დაეფუძნოს შემდგომი განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ მათი მმართველობის პერიოდში ხალხმა ძალადობა, ჩაგვრა, ომი და ტერიტორიების დაკარგვა იხილა. მისი თქმით, სჯერა, რომ მომავალ არჩევნებში ღირსეულად გაიმარჯვებენ.
დღეს, 20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.