"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარორბის კანდიდატები წარადგინა :

თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები შემდეგნაირად განაწილდა:

საბურთალო - დავით სერგეენკო.  2012-2019 წლებში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ამ დრომდე პრემიერის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში. პრემიერმა აღნიშნა, რომ ის პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება. ამ ოლქში ოპოზიციის კანდიდატი ჯერ უცნობია.

ვაკე - ნოდარ ტურძელაძე. ვაკის რაიონის მოქმედი გამგებელია, ის 2015 სექტემბერი-ნოემბერი - ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე იყო, ხოლო 2014-2015 მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. ​​​​​​ოპოზიციის კანდიდატი ამ ოლქში "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იქნება.

გლდანი - ლევან კობიაშვილი. კობიაშვილი გლდანის მოქმედი მაჟორიტარი და 2015 წლიდან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ის ფრაქცია "ქართულ ოცნებას" 2016 წელს შეუერთდა. კობიაშვილის მოწინააღმდეგე აღნიშნულ ოლქში ოპოზიციიდან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია იქნება.

ლევანი არის ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ლობისტი საქართველოს პარლამენტში, - თქვა ირაკლი კობახიძემ წარდგენისას.

სამგორი - სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი 2012-2014 წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო, 2014 წლიდან კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; ამ დრომდე ის პრემიერის მრჩევლის პოზიციას იკავებს. სუბარმა აღნიშნა, რომ რასაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის 8 წელში აშენებდა, მომდევნო 4 წლში უნდა განმტკიცდეს. სამგორში ოპოზიციის საერთო კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი - ლევან ხაბეიშვილი იქნება.

ისანი - კახი კახიშვილი. 2015 წელს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო, 2018-2019 წლებში კი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 2019 წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ოპოზიციიდან მისი კონკურენტი "ახალი საქართველოს ლიდერი" გიორგი ვაშაძე იქნება.

მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია. ოდიშარია კრწანისის ოლქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია. ის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი 2016 წლიდან გახდა და 2017 წელს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ოპოზიციიდან მისი მოწინააღმდეგე "ევროპული საქართველოს" წევრი შალვა შავგულიძე იქნება.

ის არის სამი თაობით მთაწმინდელი და თბილისის ამ ულამაზესი უბნის გულშემატკივარი. მე-9 მოწვევის პარლამენტში ბექა წარმატებით ხელმძღვანელობდა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს, - თქვა ირაკლი კობახიძემ მისი წარდგენისას.

ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი. ყაველაშვილი ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი 2016 წლიდანაა და ის პარლამეტში მაჟორიტარ კანდიდატად შევიდა. კობახიძემ 4 წლის მანძილზე ყაველაშვილის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობა წარმატებულად შეაფასა. ოპოზიიდან მას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი დაუპირისპირდება.

მიშა ყაველაშვილი არის წარმატებული ფეხბურთელი, სამი ქვეყნის ჩემპიონი, გულანთებული პატრიოტი და პრინციპული ადამიანი, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ წარდგენისას.

დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი. ვოლსკი ფრაქცია ქართული ოცნების წევრი 2012 წლიდანაა, ის ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ამ ოლქში ოპოზიციის კანდიდატი ჯერ უცნობია. 

გამორჩეული გამოცდილების პოლიტიკოსი და დიპლომატი და უბრალოდ შესანიშნავი პიროვნება. გია ვოლსკი დაბადებული და გაზრდილია თბილისის ამ შესანიშნავ უბანში, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო პერიდში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა გია ვოლსკის შეფასებას ოკუპირებულ რეგონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. "ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?!.. - თქვა გია ვოლკსიმ და სახალხო დამცველის განცხადება, რომ  ქართულ მხარეს არ აქვს არანაირი ეფექტური ფორმატი, რომლის ფარგლებში განიხილავს საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცებისა და უფლებების დარღვევის ფაქტებს, პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა.

ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.

პრეზენტაციაზე თვეების გაუჩინარების შემდეგ, საჯაროდ გამოჩნდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.  წარდგენაზე იყო მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით; პოლიტიკოსებთან ერთად პრეზენტაციას ლაშა ნაცვლიშვილი და გოგა ხაინდრავაც ესწრებიან. ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ექიმი ლევან რატიანი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 თანაფარდობით ჩატარდება, ამომრჩეველმა 30 დეპუტატი  მაჟორიტარული წესით, ხოლო 120 პროპორციული წესით უნდა აირჩიოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი