აზერბაიჯანი საქართველოსთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ადგილობრივი სახელისუფლებო მედია "ჰაქინ.აზ" - წერს, რომ სერბეთმა ოფიციალურ ერევანს თოუზის რეგიონის დასაბომბი ნაღმმტყორცნები საქართველოს გავლით მიაწოდა. სააგენტო ასევე წერს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში, ამჯერად უკვე რუსეთიდან, მაგრამ ასევე საქართველოს გავლით, შევიდა ე.წ. "კამაზის" ტიპის არაერთი ავტომობილი, რომლებიც "გრადის" ტიპის იარაღითა და ნაღმტყორცნებით იყო დატვირთული.
ამ ფაქტებმა აზერბაიჯანული მხარის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. როგორ დართო საქართველომ ნება, გამოეყენებინათ მისი ტერიტორია და მიეწოდებინათ საბრძოლო მასალები, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ, სამხედრო მოქმედებებისთვის იყო განკუთვნილი, - ნათქვამია სტატიაში.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს საგანგაშო ინფორმაციაა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროებით ინფორმაცია ჯერ არ გაჟღერებულა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ცნობილია რუსეთის პოლიტიკა, როდესაც ის დროდადრო იარაღით ამარაგებს სომხეთს და აზერბაიჯანს, ხოლო საქართველომ თუ იარაღი საკუთარ ტერიტორიაზე გაატარა, ის არღვევს საერთაშორისო ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც მას კონფლიქტის რომელიმე მხარისთვის საკუთარი ტერიტორიის გავლით იარაღის მიწოდების უფლება არ გააჩნია. ამიტომ სამადაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოითხოვს.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი კანდიდატი ამბობს, რომ ჰაქინ.აზ-ის სტატიაში ნახსენები ფაქტი, რომ საქართველომ რუსეთის კუთვნილი სამხედრო ტვირთი გაატარა, ძალიან მძიმე ბრალდებაა და საქართველოს ხელისუფლებას ამ ბრალდების უარყოფის მტკიცების ტვირთი გააჩნია.
უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეს არის არა ოფიციალური განცხადება, არამედ ერთი კონკრეტული მედია საშუალების გავრცელებული ჭორი. მისი თქმით, საქართველოშიც არის მედია საშუალებები, რომლებიც სიამოვნებით ახდენენ ამ ჭორის ტირაჟირებას.
შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტოვუზის რეგიონში 11 ივლისს შეირაღებული დაპირისპირება დაიწყო.