"განზრახ არ ჩამიდენია ეს დანაშაული" - პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ითხოვს შეღავათს და გადაწყვეტილებას სრულად მიანდობს სასამართლოს. 

თავად ბრალდებულმა კი სასამართლოზე თქვა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია - "წლები, მუხლები ჩემთვის არანაირი ღირებულება არ აქვს. ამას იმიტომ არ ვიძახი რომ შეღავათი, პირიქით. მე გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა უდგებოდეს. განზრახ მე არ ჩამიდენია ეს დანაშაული" - თქვა მღებრიშვილმა.

სხდომათა დარბაზში დღეს მანდატურის სამსახურის გაძლიერებული შემადგენლობა იმყოფებოდა, რადგან პროცესს მოკლული პოლიციელის, ალექსანდრე შეყელაძის მამაც ესწრებოდა.

ბრალდებულ გიორგი მღებრიშვილს პროკურატურა განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, იძულების, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარების ფაქტებს ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, მკვლელობა 7 იანვრის ღამეს, მღებრიშვილის საცხოვრებელ სახლში მოხდა. მღებრიშვილმა დეტექტივების სამმართველოს უფროსს, ალექსანდრე შეყელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა.

წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ნანა შამათავამ 2 მარტს, 11 საათზე ჩანიშნა.


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი