თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სახლში რამდენიმე იარაღი იქნა აღმოჩენილი, მათ შორის ერთი არალეგალურად შეძენილი, - ამის შესახებ განცხადება საქმის პროკურორმა, ჯემალ ლომსაძემ გააკეთა.
პროკურორის განმარტებით, დაკავებულ მღებრიშვილის დანაშაული უკანონოდ შეძენილი იარაღით არ ჩაუდენია.
"დანაშაულის ჩადენა არ მოხდა უშუალოდ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით. ის იარაღები რაც უშუალოდ ქმედების განხორციელების მომენტში ბრალდებულს ჰქონდა, როგორც გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, მართლაც ზომიერად ჰქონდა შეძენილი", - განაცხადა პროკურორმა.
პროკურატურამ სასამართლოზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა მოკლული ალექსანდრე შეყელაძის მამაც.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, მოკლული მღებრიშვილის ახლო მეგობარი იყო, შესაბამისად მისი დაცვის ქვეშ მყოფს, დანაშაულის განზრახვა არ ჰქონია:
"გარდაცვლილი ადამიანი იყო მღებრიშვილის ძალიან ახლო მეგობარი, არასდროს რაიმე სახის მოტივი მსგავსი ქმედების ჩადენისთვის და განხორციელებისთვის მას არ ქონია, ერთადერთი რითაც შეგვიძლია ავხსნათ არის ის, რომ ის არ იმყოფებოდა შერაცხად მდგომარეობაში, სხვა ვერაფრით ვერ აიხსნება. თვითონ საქმის მასალიდან, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ჩანს, რომ სიმთვრალის მდგომარეობაში მას ჰქონდა ხოლმე ეგრეთ წოდებული ცუდი სიმთვრალე"- თქვა მღებრიშვილის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 7 იანვრის ღამეს მოხდა. ბრალდების ინფორმაციით, დეტექტივების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე შეყილაძეს მღებრიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა
დანაშაული თავად ბრალდებული მღებრიშვილის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
პროკურატურა მღებრიშვილს განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, იძულების, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარების ფაქტებს ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.