მესამე პრეზიდენტის დღევანდელ პროცესზე ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმის, ჯეიმს კობსა და გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის გამოკითხვა იგეგმება. თუ სხდომაზე ორივე ექსპერტის მოსმენა შეძლეს, მაშინ ამერიკელი მედიკოსების გამოკითხვა დასრულდება.
ადვოკატები დღესაც დააყენებენ შუამდგომლობას სხდომების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ყოველდღიურად მძიმდება.
"დაიკითხებიან ექსპერტები, თუ ფიზიკურად მოვასწარით, რა თქმა უნდა, ბატონი ფინკელი გასტრო-ენტეროლოგი და ბატონი კობი, ნობელის ლაურეატი. გარდა ამისა დადგება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის პროცესის ჩქარა ჩანიშვნასთან დაკავშირებით, დრო აღარ ითმენს, მისი, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და ნებისმიერ დროს შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი ძალიან ცუდად", - თქვა ხაჭაპურიძემ.
"ემპათიას" ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიიღეს ახალი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ბოლო ორი თვის პერიოდს ეხება, რასაც ექსპერტები შეისწავლიან.