"მაგნიტსკის აქტის" ავტორი, ბილ ბრაუდერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ნახა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაღებული ფოტო, რამაც ნათელი გახადა მისთვის, რომ ის "უკიდურესად მძიმედ იტანჯება ფიზიკურად".
ბრაუდერი ამბობს, რომ მხოლოდ ახლა დაიწყო სააკაშვილის გუნდთან ერთად მუშაობა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და "ამ მტკიცებულებებს შემდეგ წარვუდგენთ სხვადასხვა მთავრობებს, მათ შორის ამერიკის, ევროკავშირის, ბრიტანეთის, კანადის, ავტსრალიისა და სხვა ქვეყნების მთავრობებს".
"როგორც ჩანს, მისი სამედიცინო საჭიროებები უგულვებელყოფილია, ნაწამებია და სავარუდოდ, მოწამლულიც. ფოტო კი ათას სიტყვაზე მეტს ამბობს. ასე რომ, როდესაც ვნახე ფოტო ადამიანის, რომელიც ერთ დროს ძლიერი, ჯანმრთელი იყო, ნათელი გახდა, რომ ის სიკვდილის პირასაა. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ და უნდა მოვიმოქმედოთ სწრაფად", - ამბობს ის ინტერვიუში.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას ბრაუდერი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ჰყავს ტყვედ ჰყავს აყვანილი. ის განმარტავს, რომ "მაგნიტსკის აქტი" სწორედ ასეთი სიტუაციებისთვისაა შექმნილი.
"ჩემი აზრით, ის ტყვედ ყავს აყვანილი [საქართველოს] მთავრობას, რომელიც მას საშინლად ექცევა. მაგნიტსკის აქტი სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდეს. სერგეი მაგნიტსკი ასეთ სიტუაციაში იმყოფებოდა - როდესაც ვინმეს ნელ-ნელა აწამებ, სიკვდილამდე.
ახლა გვჭირდება, რომ იმ ოფიციალური პირების სია შევადგინოთ, რომლებიც [მიხეილ სააკაშვილს] შესაბამისი მკურნალობის საშუალებას არ აძლევს, ვინც მის მიმართ არასწორ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი. თუ მას ძალიან სწრაფად არ გამოუშვებენ, მაშინ ამ ხალხს, ან დაუყოვნებლივ უნდა დავუწესოთ სანქციები, ან დავემუქროთ ძალიან მკაცრი სანქციებით.
თავად ის იდეა, რომ საქართველოს მთავრობა ტოვებს მას პატიმრობაში მაშინ, როდესაც ის ასეთ მძიმე და უგულვებელყოფილ მდგომარეობაშია, ნათლადაა მისი [სააკაშვილის] უფლებების დარღვევა. მაგნიტკსის აქტი სწორედ ასეთ სიტუაციებთან გასამკლავებლადაა შექმნილი", - ამბობს ბრაუდერი.
მისივე განცხადბით, თუ ყველაფერი გამოვა, საქართველოს მთვარობის წევრებიც მოხვდებიან სიაში.