ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს დაავალა, 1-ელ თებერვლამდე 8 დიპლომატითა და 15 მივლინებული თანამშრომლით, რომლებიც არ არიან დიპლომატები, შეამციროს საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა.
გადაწყვეტილების მიზანია, ორი ქვეყნის საელჩოებში- ტალინსა და მოსკოვში, თანამშრომლების რაოდენობის გათანაბრება.
ტალინში, რუსეთის საელჩოში ამჟამად 17 დიპლომატი მუშაობს.
"ომის დაწყებიდან ესტონეთმა ორმხრივი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან აბსოლუტურ მინიმუმამდე დაიყვანა. გაზაფხულზე დავხურეთ რუსეთის საკონსულოს ოფისები ნარვასა და ტარტუში და ქვეყნიდან გააძევეს რუსეთის საელჩოს დიპლომატიური სტატუსის მქონე სამი თანამშრომელი, რომლებიც აქტიურად ძირს უთხრიდნენ ესტონეთის უსაფრთხოებას და ავრცელებდნენ რუსეთის სამხედრო მოქმედებების გამამართლებელ პროპაგანდას. ახლა ჩვენ ვაწესებთ ესტონეთში მომუშავე რუსი დიპლომატების რაოდენობის ზედა ზღვარს, რათა მივაღწიოთ პარიტეტს. დღევანდელი ნაბიჯი უკავშირდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ზოგად ვარდნას" განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.