"ქართული ოცნების" განცხადებები, თითქოს, საქართველოსთვის გადმოცემული ბუკის სისტემა გაუმართავი იყო, არასერიოზულად ეჩვენება საქართველოს გენშტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს.
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელიც 2008 წლის ომის დროს იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას, ამბობს რომ სწორედ უკრაინის მიერ გადმოცემული "ბუკების" დახმარებით ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავები.
"შეიძლებოდა მარტივი პასუხის გაცემა, რომ ეს "ბუკები" საჭიროა საქართველოს თავდაცვისთვის და ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, მთლიანად მოვაშიშვლოთ საქართველოს [თავდაცვის სისტემა]. მარტივი და წესიერი პასუხის გაცემა შეიძლებოდა და არა ესეთი ისტერია, რაც ვიხილეთ.
რაც შეეხება რომ ეს ბუკები ვადაგასულია და არ მუშაობდა და ა.შ. ძალიან სასაცილოდ მეჩვენება. ბუკების ეფექტური მუშაობა ძალიან კარგად გამოჩნდა 2008 წლის ომში. სწორედ ბუკებმა უზრუნველყო ის საჰაერო თავდაცვა, რაც უზრუნველყო. და სწორედ ბუკების საშუალებით მოხდა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება და მათთან ბრძოლა. ასე რომ, იმის თქმა, რომ უხარისხო და ვადაგასულია ჯერ ერთი არასწორია, მეორეც კიდევ უფრო აზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას",- ამბობს ლაშა ბერიძე "მთავართან" საუბარში.
ცნობისთვის, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ საქართველოს სთხოვა "ბუკის" სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველომ უკრაინისგან 2008 წელს, ომის დროს მიიღო. .
თავდაცვის სამინისტრომ პასუხად გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სიცრუეა თითქოს უკრაინამ "ბუკის" საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს.
"ქართული ოცნების" წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა რაღაც "კორუფციულ გარიგებას" მაშინდელ მთავრობებს შორის, რადგან "რაღაც ნაწილი არ ჩამოვიდა, ხოლო ნაწილი, ვადაგასული იყო
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების აზრს ვერ ხედავს, რადგან ოფიციალურ თბილისს არ ესმის ვის მხარეს უნდა დადგეს ბრძოლაში თავისუფლებასა და რუსეთს შორის.
ქართული ოცნების განცხადებას, თითქოს წლების წინ საქართველოსთვის გადმოცემული ბუკის სისტემა გაუმართავია, ტყუილს უწოდებს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრიც.