უკრაინის თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და "მთავარ არხთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ახლა მეზოელი სახელმწიფოსთვის ზურგის შექცევა ქართული მხარისგან უსამართლოა.
მისი თქმით, არანირი კორუფციული გარიგება მაშინდელ მთავრობებს შორის არ ყოფილა და ამაზე საუბარი წარმოუდგენელია.
"განცხადებები იმის შესახებ, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი "ბუკის" საზენიტო სარაკეტო სისტემა არ მუშაობს, სასაცილო და ცოტა უცნაურიცაა. ამ სისტემით ქართველებმა არაერთი რუსული თვითმფრინავი გააანდგურეს. რაც შეეხება თითქოს კორუფციულ გარიგებას, ეს წარმოუდგენელია, მსგავსი არაფერი ყოფილა. საქართველოს უჭირდა და ჩვენ გვერდით დავუდექით. 2008 წელს ვიცოდით, რომ რუსეთი საქართველოში არ გაჩერდებოდა და ეს საფრთხე ჩვენც გვემუქრებოდა. იმავე წელს ყირიმში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩავატარეთ. საქართველოს მთავრობის ბრალდებები გაუგებარი და მიუღებელია. რას ნიშნავს ყველაფერი არ გაგვიგზავნია?! ჩვენმა დახმარებამ ეფექტურად იმუშავა. უკრაინა და უკრაინელი ერი საქართველოს მთავრობის უარს დაიმახსოვრებს, თუმცა ქართველი და უკრაინელი ერის მეგობრობაზე და ურთიერთობაზე ეს ზეგავლენას არ მოახდეს", - ამბობს ის.
ცნობისთვის, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ საქართველოს სთხოვა "ბუკის" სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველომ უკრაინისგან 2008 წელს, რომ დროს მიიღო. უკრაინის თხოვნაში, ასევე, შედიოდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები.
თავდაცვის სამინისტრომ პასუხად გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სიცრუეა თითქოს უკრაინამ "ბუკის" საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს.
"ქართული ოცნების" წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა რაღაც "კორუფციულ გარიგებას" მაშინდელ მთავრობებს შორის, რომ "რაღაც ნაწილი არ ჩამოსულიყო და ის თანხა რაც გადახდილი იყო ნაწილი ვადაგასულ შეიარაღებაში ყოფილიყო გადახდილი".