"ხმამაღალი განცხადება, რომ თურმე ცენტრ ემპათიასთან იყო შეთანხმებული მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსი, შეესაბამება სრულ სიცრუეს", - ასე გამოეხმაურა ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გორის ჰოსპიტლის ექიმს.
ნინო გოგორიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსი "ემპათიასთან" იყო შეთანხმებული.
ჯიშკარიანი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის საავადმყოფოში ყოფნისას, "ემპათიას" არაერთი რეკომენდაცია ჰქონდა მისი მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით, თუმცა ექიმმა გოგორიშვილმა არცერთი მათგანი არ გაითვალისწინა.
"ჩვენი რეკომენდაციები ჯიუტად არ შესრულდა, ასე მაგალითად, არ განხორციელდა თავის ტვინის MRT კვლევა, არ იქნა განხორციელებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კვლევა, შესაბამისად არანაირი შეთანხმება ცენტრ ემპათიასთან მკურნალობის კურსთან დაკავშირებით არ ყოფილა", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
მისივე თქმით, "ემპათია", როგორც საექსპერტო დაწესებულება წინააღმდეგი იყო მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის, რადგან დაწესებულებას არ ჰქონდა ის რესურსი, რაც მესამე პრეზიდენტის მკურნალობისთვის იყო საჭირო.
ცნობისთვის, ნინო გოგორიშვილის ბრალდებები ცენტრ "ემპათიის" მიმართ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ მაგნიტიკის სიის ქართულ ანალოგში შესაძლოა ექიმი გოგორიშვილიც მოხვდეს.
მიხეილ სააკაშვილთან ვივა მედში დღე უკრაინის კონსული იმყოფებოდა. მას გამოსვლის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა განცხადება გააკეთა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საუბრისას აქცენტი გააკეთა უკრაინაში დაწყებულ გამოძიებაზე. რაც შეეხება მაგნიტსკის სიის ქართულ ვერსიას, ხაჭაპურიძის თქმით სიაზე ამერიკელი ადვოკატებიც მუშაობენ:
"მან აქცენტი გააკეთა უკრაინაში დაწყებულ გამოძიებაზე და თქვა, რომ ომის დამთავრების შემდეგ, საიდანაც უკრაინა გამარჯვებული გამოვა, უკრაინის მიერ დადებული სანქცია იქნება საკმაოდ სერიოზული. რაც შეეხება სიებთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ამერიკელი ადვოკატები მუშაობენ და ქართველი ადვოკატები თუ რაიმეს მოითხოვენ, ამ დოკუმენტებს მივაწოდებთ" აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, უკრაინამ გამოძიება დაიწყო, დღეს გიული ალასანიამ გაავრცელა.