რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი და ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"გადაწყდა, რომ რუსეთის „სტოპ სიაში“ დამატებით შევიდეს მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, სამართალდამცავი უწყებების და გაერთიანებული სამეფოს ჟურნალისტური კორპუსის წარმომადგენლები.
კერძოდ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯ. კლევერლი, რეგიონების, საბინაო, თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაიკლ გოუვი, ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი ო. დოუდენი. მინისტრი პორტფელის გარეშე ნ. ზაჰავი, გენერალური შტაბის უფროსი პ. სანდერსი, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი",- ნათქვამია განცხადებაში.
სრული სია ამ დრომდე არ არის ცნობილი. არსებული ინფორმაციით მასში 36 ბრიტანელი შედის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თუ გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური ხელისუფლება დაინტერესდება მაშინ რუსეთი მზად იქნება, აცნობოს ბრიტანეთის ხელისუფლებასა და საზოგადოებას მათ შესახებ, ვინც მათსავე ინტერპრეტაციით, "ეწევა მტრულ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის დემონიზაციას და ცდილობს მის საერთაშორისო იზოლაციას".
მოსკოვმა დიდი ბრიტანეთის სანქციების სიის გაფართოებაზე ინფორმაცია 12 იანვარს გამოაცხადა.