"თუ ისევ გავაგრძელებ პრეზიდენტის სიცოცხლეზე და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, მემუქრებიან, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება" - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერის მალგოჟეტა გოშევსკა საუბრობს.
როგორც მან "ფორმულას" ეთერში განაცხადა, მუქარა საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომელსაც საქართველოში პოლონეთის ელჩიც ესწრებოდა.
"მინდა ვთქვა, რომ მე არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ისმის ჩემი მისამართით. თუ ისევ გავაგრძელებ პრეზიდენტის სიცოცხლეზე და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, მემუქრებიან, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე და მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს ეს. მე მაგალითად არ მაქვს რუსეთში და ბელარუსში შესვლის საშუალება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ ამ ქვეყნებს დაემატება საქართველო, აქ ყველაფერი ნათელი იქნება...
ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ მაშკიევიჩთან. ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა. იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე. მინდა, საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ წრეზე და იყოს საშუალება, რომ მოვინახულოთ პოლიტიკური პატიმრები. მე წლების განმავლობაში ვნახულობდი ციხეში ყოფილ პრემიერს, ბატონ ვანო მერაბიშვილს. მაშინ მქონდა ამის საშუალება, ახლა არ მაქვს ამის საშუალება და რამდენჯერმე სააკაშვილის ნახვაზე უარი მითხრეს, ასევე უარი მითხრეს გვარამიას მონახულებაზე...
როგორც ვიცი ეს საუბარი შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში. როცა ასეთი ტიპის საუბრები ტარდება, ეს როგორც წესი საგარეო საქმეთა სამინისტროში ტარდება და მას [პოლონეთის ელჩს] იქ მიაწოდეს ეს ინფორმაცია. ელჩს უთხრეს, რომ თითქოსდა ჩემი გამონათქვამები ზიანს აყენებენ საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობას, ასევე ანა ფოტიგას გამონათქვამები. ამ კონტექსტში ელჩს უთხრეს, რომ მე დამემუქრება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა."- ამბობს გოშევსკა. ["ფორმულას" სინქრონული თარგმანი]