პუტინის კრიტიკოსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გადასარჩენად ადვოკატები რუსეთის პრეზიდენტს წერილით მიმართავენ. უფლებადამცველები სადამსჯელო იზოლატორში ალექსეი ნავალნის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობენ და წერენ, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მუდმივად მაღალი ტემპერატურა აქვს.
ნავალნის სიცოცხლის გადარჩენისა და სამედიცინო დახმარების უფლების მოთხოვნით პუტინს წერილი 600-მდე რუსმა ექიმმაც გაუგზავნა.
"ღია წყაროებიდან ჩვენ ყველამ ვიცით ალექსეი ნავალნის პატიმრობის პირობები გამოსასწორებელ კოლონიაში. წარმოუდგენლად დიდი ხნის განმავლობაში სადისციპლინო საკანში უწყვეტი პატიმრობა არის უხეში წამება და რეალურად სერიოზულ ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას, უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს", - აღნიშნულია წერილში.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ სასჯელახსრულების სამსახურმა უარი თქვა ნავალნისთვის საჭირო მედიკამენტების მიწოდებაზე, ის არ იღებს საკმარის სამედიცინო დახმარებას.
ხელმომწერები ითხოვენ შეწყდეს ნავალნის წამება, მოათავსონ ის ჩვეულებრივ საკანში და სამოქალაქო ექიმებს მიეცეთ მისი მონახულების საშუალება.