ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ნარატივი, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს, სიყალებეა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ ტიპის განცხადებებს თანამდებობის პირები იმიტომ აკეთებენ, რომ ამართლებენ უკრაინაში ომის მიმართ ხელისუფლების პოზიციას.
"სამწუხაროდ ესაა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი რამ, რაც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია უკრაინაში ომზე პასუხად - ეს ნარატივი, რომ დასავლეთს და ნატოს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა. რა თქმა უნდა, სიმართლისგან ამაზე შორს არაფერია. ეს უბრალოდ სიყალბეა. ვვარაუდობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამას ამბობენ, იციან, რომ ეს სიცრუეა, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ იმ პოზიციის გასამართლებლად, რაც საქართველოს უკრაინაში ომის მიმართ აქვს", - ამბობს შეერთებული შტატების თადარიგის პოლკოვნიკი, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარი, ომის კოლეჯის პროფესორი რობერტ ჰამილტონი.
მისივე თქმით, ეს არ ასახავს საქართველოს და არ ეხმარება ნატო-ს და დასავლეთს რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში.
"თავად ის ფაქტიც, რომ კაპიტოლიუმში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების საკითხს, - თავად ის ფაქტიც კი, რომ ეს დისკუსიები ხდება, არის მოვლენათა ტრაგიკული განვითარება საქართველოსთვის", - ამბობს ის „ამერიკის ხმასთან“.
ჰამილტონი აღნიშნავს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოსა და უკრაინას ყოველთვის ერთად ახსენებდნენ, უკრაინაში ომმა კი საქართველოსთვის აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, არამედ მათი მზაობის კუთხითაც, იყვნენ ნატოს პარტნიორები და გააკეთონ ის, რასაც ნატოს წევრები აკეთებენ.