
"ევროპული საქართველოს" დეპუტატისა და ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, არჩევნებში მისი კონკურენტი არსებული სისტემა იქნება და არა მმართველი გუნდის კანდიდატის, ნოდარ ტურძილაძის "ვაკელობა". ამ შინაარსის სტატუსი მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ხოშტარია წერს, რომ ტურძელაძე წინა არჩევნების შემდეგ გაიცნო და მასთან ძალიან ღირსეული და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის გუნდის წევრებსაც კი პატივს არ სცემს და მხოლოდ თავის ინსტრუმენტებად აღიქვამს.
საფრთხეშია ქვეყნის გეზი, წარმოუდგენელია, რომ ბევრი, ბევრი მსხვერპლის და წვალების შემდეგ რუსეთისკენ ტრიალდება ქვეყანა. ამ პირობებში, ამ მთავრობის მსახურება ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც არ ვიცი თავად ტურძელაძე იაზრებს თუ არა (როგორც ჩანს არა). ამიტომ ჩემი კონკურენტი არის ეს სისტემა და არა ნოდარ ტურძელაძის "ვაკელობა", ცნობადობა ან ადამიანური თვისებები. უბრალოდ, სამწუხაროდ, დღეს მან ამ სისტემის მსახურება გადაწყვიტა - წერს ხოშტარია.
დეპუტატის თქმით, კონკურენტებმა უნდა ეცადნონ, რომ კამპანია ღირსეულად გაიარონ და პოლიტიკურად დამარცხება ადამიანურ განადგურებას არ ნიშნავდეს.
20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.