უკვე რამდენიმე საათია, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლებს ჰკითხავს, რომლებიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე დაწერილ დასკვნაზე საუბრობენ.
"ემპათიის" ფსიქიატრის, ლია ჩოხელის შეფასებით, მესამე პრეზიდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
სასამართლო სხდომაზე გაჩნდა კითხვები, ჰქონდა თუ არა გამოკვლევების დროს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციას ადგილი, რაც ლია ჩოხელმა კატეგორიულად უარყო.
"არა, იმიტომ რომ ამ ტესტებში სპეციალურად არის ჩანიშნული ისეთი საკითხები, რომლებიც ობიექტურობას აფასებს. არავითარი, არავითარ სიმულაციას არ ჰქონდა ადგილი", - განაცხადა ლია ჩოხელმა დაცვის მხარის კითხვის საპასუხოდ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა ფსიქოთერაპევტმა გიორგი ვერულავამაც. როგორც მან განმარტა, პაციენტს ეძლეოდა არასწორი მედიკამენტოზური კვლევა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე ნეროლეფსიურ პრეპარატებს იღებდა, რომელიც, ვერულავას შეფასებით, არასათანადოდ იყო გამოყენებული.
"ჩვენ ვნახეთ პაციენტი ნეიროლეფსიური სინდრომის მდგომარეობაში. ეს არის არასასურველი ეფექტი, ეს არის, ის ეფექტი, რომელიც აქვს ხოლმე ნეიროლეფსიურ პრეპარატებს, მათი არასათანადო გამოყენებისას. პრეპარატი პატიმარ პაციენტს მიხეილ სააკაშვილის 2021 წლის პირველი- ორი ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე ეძლეოდა, შესაბამისად ეს იყო დაუშვებელი და ეს ფაქტობრივად ფასდება, როგორც ფსიქოფარმაკოლოგიური წარმება", - ამბობს გიორგი ვერულავა სასამართლოზე.
დღეს ასევე დაიკითხა "ვივამედის" ექთანი, ნონა პატიაშვილი. მასთან როგორც დაცვის, ასევე პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს ჰქონდათ შეკითხვა, იყო თუ არა სიმართლე კლინიკა "ვივამედის" დირექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას მიხეილ სააკაშვილი და შალვა ხაჭაპურიძე სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ემუქრებოდნენ. აღნიშნული ინფორმაცია პატიაშვილმა უარყო.
პატიაშვილმა ასევე უარყო ინფორმაციები მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მედპერსონალის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ.
"კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში შეურაცხყოფა არ მოუყენებია", - ამბობს ნონა პატიაშვილი.