მიხეილ სააკაშვილის პროცესზე სასამართლომ მტკიცებულებები გამოიკვლია - რას ამბობენ მხარეები

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმის პროცესზე შესვენება გამოცხადდა.

სხდომა ნივთმტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყო, რომელიც ამერიკულმა ტოქსიკოლოგიურმა ლაბორატორიამ მოსამართლის სახელზე გამოაგზავნა.

საუბარია მიხეილ სააკაშვილისგან აღებულ ფრჩხილის, თმისა და მუცლის ცხიმის ნიმუშებზე. მანამდე პენიტენციური სამსახურის მხარე ამბობდა, რომ მტკიცებულებები ამერიკულ ლაბორატორიაში ნორმის დარღვევით გაიგზავნა. დღევანდელ სხდომაზე კი დაცვის მხარემ მტკიცებულებები დალუქულ მდგომარეობაში წარადგინა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პენიტენციური სამსახურის კითხვები გაბათილდა და მოსამართლემ თავად ნახა, რომ მტკიცებულებები დალუქული იყო.

"გახსოვთ, მეორე მხარე როგორ კითხვებს სვამდა, რომ იყო თუ არა დალუქული, იყო თუ არა გაგზავნილი, რა წესით ჩატარდა, როგორ. აგერ თანამედროვე მეთოდებით, რაც ცივილიზებულ სამყაროშია დადგენილი, ამ ფორმით ჩამოვიდა, პირდაპირ ჩამოვიდა მოსამართლის სახელზე, მოსამართლემ ნახა და დარწმუნდა ამ ყველაფრის ავთენტურობაში. მათი მიზანია, რამენაირად გააბათილონ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან ვითომ, ნიმუშები სათანადო წესით აღებული არ იყო",- თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის მხარე ამბობს, რომ მათ პასუხები არცერთ კითხვაზე მიუღიათ, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ გაიგზავნა ლაბორატორიაში მტკიცებულებები და არა ის, თუ როგორ გამოიგზავნა იქიდან.

"ნიმუშებთან დაკავშირებით კითხვები იყო არა იმაზე, იქიდან დალუქული ჩამოვიდოდა თუ არა, ან იმაზე, მათ დალუქეს თუ არა. კითხვები იყო იმაზე, რომ აქედან რომ მიიღეს მათ დალუქული არ ყოფილა. დალუქულ მდგომარეობაში რომ არ იყოო, ეს იმიტომ წერენ ისინიო, რომ რომ გახსნეს ფაქტობრივად, არ იყო დალუქული. როგორც წესი, იწერება, რომ მივიღე დალუქულ მდგომარეობაში, მაგრამ იქ წერია გახსნილი მდგომარეობა", - თქვა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.

საქალაქო სასამართლოში პროცესი 4 საათზე განახლდება. დღევანდელ სხდომაზე ცენტრ ემპათიის ნეიროქირურგი გამოიკითხება. სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც საქმის დაჩქარებულად განხილვას ითხოვენ.

პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი