ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ტინი კოქსი მეორე ვადით აირჩიეს. ამ თანამდებობაზე კენჭს უკრაინის წარმომადგენელი, პარტია "ხალხის მსახურის" წევრი ოლექსანდრ მერეჟკოც იყრიდა, თუმცა საქართველოს დელეგაციამ მხარი ტინი კოქსს დაუჭირა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით მერეჟკოს მხარს არ უჭერდნენ, რადგან ჩართული იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, Pace-ის მიერ იმ რეზოლუციის მიღებაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული.
საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ტინი კოქსი რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლის ინტერესების გამტარებელი იყო და ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე მის არჩევას რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახური ლობირებდა.
"პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში ვის მისცა ხმა "ქართულმა ოცნებამ". ჩემთვის მთავარი მათი პოზიციაა. ამ დრომდე ვერ მიიღეს ჩვენი სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება. ესტონეთი მთელი თავისი სამხედრო შეიარაღებით გვეხმარება. საქართველოს მთავრობამ კი ერთი იარაღი არ გამოგვიგზავნა. ტინი კოკსი ერთერთი იყო ვინც რუსეთის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებაში ეხმარებოდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა და უკრაინას მხარი დაუჭირა, ასევე აქტიურად მონაწილეობა რუსეთის ევროპის საბჭოდან გაგდებაში. ჩვენთვის მთავარია ის ფაქტი, რომ 24 თებერვალს ტინი კოკსმა სწორი პოზიცია დაიჭირა, საქართველოს მთავრობამ კი არა", - თქვა ოლექსი გონჩარენკომ.
კოქსის კანდიდატურას 175-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი