ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კიდევ ერთ სამონიტორინგო მისიას გაგზავნის.
ევროკავშირმა გადაწყვეტილება სომხეთის მოთხოვნის შემდეგ მიიღო.
"სომხეთის მოთხოვნის საპასუხოდ, EUMA (ევროკავშირის მისია სომხეთში) დამატებით რეგულარულ პატრულირებას განახორციელებს და სიტუაციის შესახებ ცნობებს გაავრცელებს. ეს გაზრდის ევროკავშირის ინფორმაციას ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ. მისია ასევე ხელს შეუწყობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესის ფარგლებში მედიაციის გაძლიერებას", - ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.
EUMA-ს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პატრულირების მანდატი ორი წლის განმავლობაში ექნება და მისი მთავარი მოვალეობა სიტუაციის მონიტორინგი და რეგიონის სტაბილურობისთვის ხელის შეწყობა იქნება.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ახალი მისია კავკასიის რეგიონის საქმეებში ევროკავშირის ჩართულობის ახალი ფაზა იქნება.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა რაოდენობის პერსონალისგან იქნება შემდგარი ევროკავშირის მისია. Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მისია შესაძლოა 100-მდე ადამიანისგან" შედგებოდეს.